გოგა ონიანი: „ქართული ოცნება“ ვერ ჩაკეტავს სისტემას ოპოზიციის საკრებულოში ყოფნის პირობებში

621

საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგა ონიანის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ვერ ჩაკეტავს სისტემას ოპოზიციის საკრებულოში ყოფნის პირობებში. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანია, რომ მათ კორუფციულ სისტემას, რომელიც თბილისშია აწყობილი, არ შეეშალოს ხელი. 5 წევრი გვყავდა საკრებულოში და საზოგადოება კარგად ხედავდა ამ კორუფციულ გარიგებებს, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა, ახლა ოპოზიციას ბევრი წევრი ჰყავს, 13 მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“.

მე მათ პირობას ვაძლევ, არანაირი მათი თანამდებობები არ გვაინტერესებს და რაც არ უნდა დახურონ ეს სისტემა, შიგნიდან აუცილებლად დავანახებთ საზოგადოებას, რისთვის არიან ეს ადამიანები მოსული, რა იყო მათი მთავარი მიზანი, რატომ გააყალბეს არჩევნები, რატომ ჩაყარეს ბიულეტენები… ეს იყო რეალურად მათი პირადი ინტერესი, კორუფციული ინტერესი და თანამდებობებიც ამის თანმდევია მათთვის. ჩარჩენილები არიან შევარდნაძის ეპოქაში და ჰგონიათ, რომ თუ კომისიის თავმჯდომარე იქნება „ქართული ოცნებიდან“, საზოგადოება ვერ გაიგებს სიმართლეს. საზოგადოება გაიგებს სიმართლეს და ვერ შეძლებენ ეს ადამიანები ამ სისტემის ჩაკეტვას ჩვენი აქ ყოფნის პირობებში“, – განაცხადა გოგა ონიანმა.