საბა ბუაძე: ოპოზიცია საკრებულოში თანამდებობებისთვის არ მოდის, ჩვენ თბილისის საკრებულოს გადავაქცევთ იმ ადგილად, სადაც თბილისელების პრობლემები გაჟღერდება

703

ოპოზიცია საკრებულოში არ მოდის თანამდებობებისთვის. ნებისმიერი თანამდებობის მიუხედავად, ჩვენ თბილისის საკრებულოს გადავაქცევთ იმ ადგილად, სადაც თბილისელების პრობლემები გაჟღერდება და სადაც თბილისელების პრობლემების მოგვარებაზე იქნება მუშაობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრმა “ლელოდან” საბა ბუაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილება, თანამდებობების ოპოზიციისთვის არ დათმობასთან დაკავშირებით, არის ცუდი პოლიტიკური კულტურის გამოხატულება.

“ეს არანაირად არ აისახება ოპოზიციის დღის წესრიგზე. ცხადია, ვაპირებთ ვიყოთ მაქსიმალურად აქტიურები, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილების გზა გადის როგორც პარლამენტზე, ისე ქუჩის პროტესტზე და ისე საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე. ამ ყველაფრის ერთობლიობით უნდა დავუახლოვდეთ ხელისუფლების ცვლილებას, საკრებულოში მიმდინარე პროცესებიც იქნება აქტიური და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი. რასაკვირველია, ოპოზიციის უფრო ფართო წარმომადგენლობა, მათ შორის საკრებულოს თანამდებობებზე იქნებოდა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩვენი ძალაუფლება მომდინარეობს საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან, კონკრეტული თანამდებობა საკრებულოში კი არცერთ შემთხვევაში არ განაპირობებს არაფერს და არ ცვლის ჩვენს გეგმებს”, – განაცხადა საბა ბუაძემ.