პარტია “ხალხისთვის” წევრი: ჩვენ შევდივართ საკრებულოში ჩვენი საქმიანი დღის წესრიგით

498

ჩვენი საკრებულოში შესვლა გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითხებზე მუშაობას და საქმიან დღის წესრიგს, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ საკრებულოს წევრმა, ალექსანდრე რატიშვილმა თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის ენერგია მიმართული იქნება იმისკენ, რომ ქალაქისთვის უამრავი სასიკეთო საქმე გაკეთდეს.

„ჩვენ პარტია „ხალხისთვის“ რამდენიმე საკითხზე გვინდა გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ შევდივართ საკრებულოში ჩვენი საქმიანი დღის წესრიგით და ყველა იმ დაპირების შესასრულებლად და ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივების დასამუშავებლად, ქალაქის საკრებულოსთვის და მერიისთვის შესათავაზებლად, რაც ჩვენ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროგრამაში შევთავაზეთ ამომრჩევლებს. ჩვენი საკრებულოში შესვლა გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ ქალაქისთვის საჭირბოროტო საკითებზე მუშაობას და საქმიან დღის წესრიგს და საკრებულოც თავისი არსით სწორედ ამისთვის არის. ჩვენ დღეიდან მზად ვართ ვიბრძოლოთ, ვიმუშაოთ, ვიღვაწოთ ყველა იმ დაპირების შესასრულებლად, რაც ჩვენ წინასაარჩევნო აქტივობის დროს გვქონდა. რამდენიმე პრიორიტეტს გამოვყოფ, ესენია: მწვანე სივრცეების გაორმაგება და გასამმაგება, საბავშვო ბაღების მშენებლობა, საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ანაზღაურების მნიშვნელოვანი მომატება, ძველ ავარიულ შენობებზე განუწყვეტლივ მუშაობა, დაავადებების მქონე, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე მოქალაქების დამატებითი ფინანსური მომსახურების გაწევა, უსაფრთხო ქალაქის უზრუნველყოფა, ქალაქის ეკოლოგიური გარემოს გამოსწორება, დასუფთავება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და სხვა“, – განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

ცნობისთვის, ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა დღეს გაიმართება. საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12:00 საათზე გაიხსნება.