რევაზ ხარაზი: მთავარი მიზანია, სახლში გავუშვათ ბათუმის ძველი საკრებულო, რომელმაც კორუფციული ბიუჯეტი მიიღო

288

ბათუმის საკრებულოს ახალი შემადგენლობა დღეს პირველად იკრიბება. ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს “ქართული ოცნების” უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა რიგ ქალაქებში, მათ შორის ბათუმში მოწინავე პოზიცია დაკარგა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რევაზ ხარაზმა აღნიშნა, ოპოზიციის მთავარი მიზანი დღეს ძველი მოწვევის საკრებულოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იქნება. მისივე თქმით, 12:00 საათზე ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარადგენს.

“ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ მივიდეთ საკრებულოს სხდომაზე და ძველ საკრებულოს, რომელმაც მიიღო კორუფციული, დანაშაულებრივი ბიუჯეტი, შევუწყვიტოთ უფლებამოსილება. რაც შეეხება მეორე საკითხს, რაც ეხება ჩვენს კანდიდატს, ახლა ამ წუთებშიც მიდის კონსულტაცია და საბოლოო შეჯერებულ ვარიანტს 12 საათზე წარმოვადგენთ. მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერს ეკარგება აზრი, როცა “ქართული ოცნება” ცდილობს თავისი უზურპატორული ქსელებით დაამყაროს დიქტატურა.

ამ ქვეყანაში იმ საკრებულოსაც ეკარგება აზრი, სადაც ადამიანს კლავენ დაპასუხს არავინ სცემს. ნუგზარ ფუტკარაძეზე მინდა ვთქვა, საკრებულოში მივდივარ იმისთვის, რომ დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება, მოვითხოვო გამოძიება და ვუთხრა, რომ არ არის ისე, როგორც თქვენ ფიქრობთ. ეს ქალაქი და ეს ქვეყანა არ იმსახურებს იმას, რა რეალობაც გვაქვს დღეს”, – თქვა რევაზ ხარაზმა.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს სხდომა შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშია ჩანიშნული. ამის მიზეზი ისაა, რომ ბათუმის მერიაში საკრებულოს დარბაზს სამუშაოები უნდა ჩატარებოდა, თუმცა ჯერჯერობით, ტენდერიც არ არის გამორიცხული.