რუსთავს ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

394

რუსთავში, მე-8 მიკრო რაიონში და მე-19 და მე-18 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სკვერების მოწყობის სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა.

„მე-19 და მე-18 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამუშაოები, მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. იქნება ძალიან ლამაზი ადგილი თითოეული რუსთაველისთვის. განახლდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 13 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი. ეს სკვერი არის კარგი მაგალითი იმისა თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შესრულდეს ის, რაზეც ჩვენ მოსახლეობასთან ვსაუბრობდით“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის მოადგილის ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, გასულ წლებში ქალაქში არსებულ დიდ რეკრეაციულ სივრცეებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, დღეისათვის კი ორ უბანში მიმდინარეობს ახალი სკვერების მშენებლობის პროცესი.

,,მე-19 და მე-18 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალ სკვერში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათება, საბავშვო და სპორტული სივრცეები, ამფითეატრი, დასასვენებელი სივრცეები და რაც მთავარია დაირგვება 350-მდე ხე-მცენარე. მწვანე ნარგავები შეცვლის, გაალამაზებს და გაამწვანებს გარემოს, ასევე ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.

მე-19 და მე-18 მიკრო რაიონების მიდებარედ, სკვერის მოწყობის პროექტის ღირებულება – 1 224 439 ლარია, 1 023 753 ცენტრალური ბიუჯეტიდან, 200 686 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო..

მე-8 მ/რ #12-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება – 1 124 439 ლარია. პროექტი 231 303 ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 893 136 ლარით კი ცენტრალური ბიუჯეტიდან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.