რიჟვაძე: ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება

352

ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 200 მილიონი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის მიღწეული სამთავრობო შეთანხმების შესახებ საუბრისას განაცხადა.

აჭარის მთავრობის ცნობით, საქართველოსა და გერმანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და შეთანხმების ფარგლებში ბათუმში წყლისა და წყალარინების სისტემის მოწყობის მეხუთე ფაზა გაგრძელდება.

„გაგრძელდება ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწყობა. ამ მიმართულებით დაიხარჯება 200 მილიონ ლარზე მეტი. პროექტი მოიცავს ისეთ ტერიტორიებს, როგორიც გახლავთ ადლია, აეროპორტი, სამრეწველო ზონა, ჩაქვი, მახინჯაური. ყველა ის ტერიტორია, სადაც მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს, ბიზნესს და კერძო სექტორს ჰქონდეს თანამედროვე მიწისქვეშა კომუნიკაციებით სარგებლობის საშუალება. დარწმუნებული ვარ, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე იქ მიმდინარე პროექტებისთვის ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოს მხრიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტი უზრუნველყოფს ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წყლის და წყალარინების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობას და ასევე, გაგრძელდება დაბებისა და სოფლების წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მოწყობა. გარდა ამისა, მოლაპარაკებების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების ხელმოწერა.