ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი ქვეყნის დასავლურ პერსპექტივას ზიანს აყენებს. ამ თემაზე მან “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნამდვილ დემოკრატიაში ყველამ უნდა სცეს პატივი ძალების განაწილებას მთავრობას, პარლამენტსა და სასამართლო სისტემას შორის.
მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს გარშემო ეჭვები მუდამ იარსებებს.
“მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი შეიძლება ნატოს იმ წევრებმა გამოიყენონ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, რომლებიც უკვე სკეპტიკურად არიან განწყობილი. მათ შეუძლია შიდაპოლიტიკური დაპირისპირებები კიდევ ერთ დამატებით არგუმენტად გამოიყენონ იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიიწვიონ საქართველო ნატოში. ჩემი რჩევა, ცხადია ის არის, რომ მთავრობამ ქვეყანაში პოლიტიკურ სიტუაციის დასტაბილურება შეძლოს”, – აღნიშნა რასმუსენმა.
რასმუსენმა უარყოფით ნაბიჯად შეაფასა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება. მისი აზრით, ამ საკითხთანაა დაკავშირებული, გაჩნდება თუ არა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ ახალი კითხვები და ეჭვები დასავლელი პარტნიორების მხრიდან.
“ეს საქართველოსთვის ნეგატიურ ელემენტად მიმაჩნია, მაგრამ თავს შევიკავებ ამ საკითხზე დეტალურად საუბრისგან რადგან არ ვიცი რა არის მის წინააღმდეგ ბრალდებები და ამასთან არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა მან ასე მოულოდნელად საქართველოში უკან დაბრუნება. შესაბამისად, ამ საკითხზე კომენტარს არ გავაკეთებ. მაგრამ როდესაც სიტუაციას გარედან უყურებ, იმის იმედი მაქვს, რომ მას სამართლიანი პროცესი ჩაუტარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მიმართ არა მხოლოდ კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, არამედ ზოგადად, ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ახალი კითხვები გაჩნდება”, – თქვა მან.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 28-ე დღეა შიმშილობს. გუშინ მან განაცხადა, რომ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე უარს აცხადებს.