დედოფლისწყაროში წარმოებული აჯაფსანდალი კანადაში ექსპორტზე გავიდა

433

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული სწრაფი მომზადების კერძების მწარმოებელმა კომპანია “ნაციონალურმა დელიკატესმა“ 4 დასახელების ახალი პროდუქტი ექსპორტზე კანადაში გაიტანა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ოთარ სიმონიშვილმა bm.ge-ის განუცხადა კანადაში 20 000 შეფუთვა მზა კერძი გააგზავნეს, მისივე თქმით, ამ დროისთვის შედარებით დიდი მოცულობის შეკვეთას ყაზახეთისთვის ამზადებენ, რომელსაც უახლოეს მომავალში გაიტანენ. ამასთან კომპანია რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან საექსპორტოდ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„კანადაში 4 დასახელების ვეგეტარიანული მზა კერძის შეფუთვა, მათ შორის აჯაფსანდალი, ყაბაყის კრემსუპი, ლობიო და სოკოს ჟულიენი გავგზავნეთ, ჯამში სულ 20 000 შეფუთვა. ახლა შედარებით დიდ მოცულობას ყაზახეთისთვის ვამზადებთ, საექსპორტო არეალის გაფართოების მიზნით, მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც ვაწარმოებთ, მათ შორის რუსეთთანაც“ – განმარტავს ოთარ სიმონიშვილი.

„ნაციონალურმა დელიკატესმა”, რომელიც ჯამში 14 დასახელების პროდუქტს აწარმოებს, ვეგეტარიანულ ხაზს 4 ახალი დასახელების პროდუქტი დაამატა, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე ყიდიან. უახლოეს პერიოდში ახალი პროდუქცია საქართველოს ქსელურ მარკეტებშიც გამოჩნდება.