ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას განცხადებით, საკრებულოს ძველი შემადგენლობით დამტკიცებული ახალი ბიუჯეტით, მერისა და მერის მოადგილეების ხელფასები “სადღაც 1 000” ლარით გაიზარდა. მისი მტკიცებით, ფინანსური რესურსი ამის შესაძლებლობას აძლევდათ.
“ბიუჯეტი გაიზარდა და განისაზღვრა 47 200 000 ლარით. ყველა პრიორიტეტი ადეკვატურად არის ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ფინანსურად უზრუნველყოფილი.
რაც შეეხება ხელფასებს — საჯარო სექტორში, როგორც მერიაში, ასევე საკრებულოში, კანონმდებლობის შესაბამისად, იზრდება ხელფასები და ეს არის მასტიმულირებელი ფუნქცია, რათა საჯარო სექტორი კონკურენტუნარიანი იყოს.
პოლიტიკური თანამდებობის პირები თვითონ განსაზღვრულია კანონმდებლობით. ასევე, რა თქმა უნდა, განსაზღვრულია ქვედა დონის მენეჯერების. [მერის და მერის მოადგილეებისთვის] გაზრდილია სადღაც 1 000 ლარიდან”, — აცხადებს ის.
დღეს ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებმა ძველი შემადგენლობით 2022 წლის ბიუჯეტები დაამტკიცეს. ორივე ქალაქში სხდომების პარალელურად, ოპოზიციის საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. ბათუმში დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, მირდატ ქამადაძემ საკრებულოს დარბაზში მძაფრსუნიანი ნივთიერება გაუშვა.
დაძაბულობა იყო ზუგდიდშიც, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე სხდომის დარბაზიდან გამოაძევეს და თითი მოტეხეს.
24 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მირდატ ქამადაძემ განმარტა, რომ თუ საკრებულომ ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა, რიგგარეშე არჩევნების საჭიროება დადგება. მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ ცდილობს ხელისუფლება, ბიუჯეტი ძველმა საკრებულომ დაამტკიცოს.
მისივე თქმით, როცა ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუციები, სადაც, შეიძლება, ამ უსამართლობაზე იჩივლონ, უწევთ ყველა “ლეგიტიმური, ბუნებრივია, არაძალადობრივი” გზის გამოყენება, რომ ეს არ მოხდეს.
პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი და დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ასევე მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაემტკიცებინა მუნიციპალური ბიუჯეტები ძველი საკრებულოს პირობებში. ის ამბობდა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩვეულ სტილში, ერთპიროვნულად, ახალი საკრებულოების შეკრებამდე მიიღოს გადაწყვეტილება.