ბათუმის საკრებულოს სხდომა დასრულებულია. “ოცნების” ვადაგასულმა დეპუტატებმა ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებასთან ერთად, ქალაქის მერისა და მერიის მაღალჩინოსნებისთვის ხელფასების გაზრდასაც დაუჭირეს მხარი. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
სხდომას სულ 16 დეპუტატი ესწრებოდა, საიდანაც 14 “ქართული ოცნების” წევრია, ხოლო 2 ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის. განხილვაზე ოპოზიციის დეპუტატები პოლიციამ არ შეუშვა, რამდენიმე მათგანი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ბიუჯეტის დამტკიცებასა და ხელფასების ზრდას მხოლოდ “ოცნების” წევრებმა დაუჭირეს მხარი. პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ბათუმის ახლადარჩეული მერი ამბობს, რომ ბიუჯეტი, რომელიც დამტკიცდა, ქალაქის ისტორიაში “უპრეცედენტოა”.
“მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბათუმის საკრებულომ დაამტკიცა მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც განისაზღვრა საკმაოდ სოლიდურად, უპრეცედენტოდ 254 მილიონ 47 ათასი ლარით. ეს არის ბათუმის ისტორიაში უპრეცედენტო ბიუჯეტი. ბიუჯეტში ასახულია ყველა ის მიმართულება, რაც ქალაქის განვითარებისათვის და მოქალაქეების პრობლემების მოგვარებისათვის არის საჭირო”, – თქვა ჩიქოვანმა.
ბათუმის საკრებულოს სხდომა დილიდან მწვავე დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. განხილვა თითქმის ნახევარი საათით შეჩერდა მას შემდეგ, რაც მირდატ ქამადაძემ დარბაზში “მძაფრსუნიანი” ხსნარი დაასხა და სხდომის ჩაშლა სცადა. ამის შემდეგ მას შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანი დააკავა პოლიცია უმაღლესი საბჭოს შენობის წინ, სადაც მოქალაქეები ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებდნენ.
ბათუმის მსგავსად, ბიუჯეტი ზუგდიდშიც ვადაგასულმა საკრებულომ დაამტკიცა. პროცესი იქაც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. დააკავეს 2 მოქალაქე.