“ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ეხმაურებიან უმრავლესობის წევრები. “ქართულ ოცნებისთვის” თორნიკე რიჟვაძის გადაყენების მოთხოვნა აბსურდულია. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
აცხადებენ, რომ თუ მათ ოპონენტებს მტკიცებულებები ჰქონდათ, ადრევე უნდა მიემართათ საგამოძიებო უწყებებისთვის. მათ აუდიო ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი შეაქვთ.
ცნობისთვის, გუშინ, 24 ნოემბერს “ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.
ენმ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამასთან, აცახადებენ, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ მამა-შვილმა რიჟვაძეებმა.
გამოძიების დაწყებისა და თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით დღეს ბათუმსა და თბილისში ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გამართა.
დღეს შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.