„დროას” წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა თორნიკე რიჟვაძის გადადგომას მოთხოვნით “ქართული ოცნების” ოფისთან აქცია გამართეს

748

ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო, გამოძიების დაწყებისა და თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით “ქართული ოცნების” ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.

გუშინ, 24 ნოემბერს ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ნუგზარ ფუტკარაძეზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა. მან მტკიცებულებად ჩანაწერებიც გამოაქვეყნა.

აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ დღეს საქართველოში ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, კლავენ.

“ესეც უნდა შერჩეთ?! ჩვენ ვეუბნებით, რომ არ ვაპატიებთ, არ შევარჩენთ და ეს წითელი ხაზი იქნება მათთვის დასასრული. ადამიანის სიცოცხლის შეწირვა ამ ქვეყანაში არ ეპატია არც ერთ ხელისუფლებას და არ ეპატიება არც ამათ.

საგანგაშო მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში. ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, კლავენ და უნდა გამოვიდეთ და ხმა ამოვიღოთ, სანამ თქვენი სახლის კარებიც შემოანგრია ამ სისტემამ”, – თქვა მან.

ცნობისთვის, “ნაციონალურმა მოძრაობამ” გუშინ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქმეში ჩართული თორნიკე რიჟვაძის მამა იყო. მოსალაპარაკებლად კი ფუტკარაძეს ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიუგზავნეს.