ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა აჭარის მთავრობის მეთაურმა თანმხლებ პირებთან ერთად მასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
რიჟვაძე ითხოვდა, რომ ნაზი ფუტკარაძე მარტო, დახურულ კარს მიღმა შეხვედროდა, რაზეც გარდაცვლილი დეპუტატის დამ უარი თქვა.
“შეხვედრას ვითხოვთ მთელი საკრებულოს წევრები, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები, მათ შორის მეც. ტელევიზიების თანდასწრებით იმიტომ, რომ ჩემი ძმა იყო მაჟორიტარი დეპუტატი ახალი საკრებულოს მოწვევის. ითხოვს მხოლოდ ჩემთან შეხვედრას და მარტო, დახურულ კარს მიღმა არ ვიცი რა უნდა შემომთავაზოს, ჩემ ძმაზე რაც ზეწოლა იყო და რამაც სიცოცხლე მოუსპო ჩემ ძმას ახლა ავდგე უნდა მარტო შევიდე და თვალებში შევხედო ადამიანს და ერთი თანმხლების უფლებასაც არ მაძლევენ, რომ გვერდში მახლდეს?! რას მიპირებენ მე არ ვიცი”, – თქვა ნაზი ფუტკარაძემ.
ცოტა ხნის წინ გამოკითხვაზე დაიბარეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება, თუმცა ენმ-ს ლიდერები უწყებაში იმ აუდიოჩანაწერებით მივიდნენ, რომელიც გუშინ გახდა საჯარო.
ცნობისთვის, საუბარია ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რომლის აუდიოჩანაწერებიც ენმ-მ გუშინ გაასაჯაროვა. ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.
ენმ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამასთან, აცახადებენ, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ მამა-შვილმა რიჟვაძეებმა.
გამოძიების დაწყებისა და თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით დღეს ბათუმსა და თბილისში ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გამართა.