აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მზად არის გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის დას შეხვდეს,- ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა.
მისი თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის დას ნაზი ფუტკარაძეს პირადად გაესაუბრება.
“პირველ რიგში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მზად არის პირადად შეგხვდეთ და გაგესაუბროთ. გელოდებათ შენობაში”,- აღნიშნა დავით მაღრაძემ.
თავის მხრივ, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის და ნაზი ფუტკარაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მარტო არ შეხვდება და იგი მედიისა და თანაგუნდელების შეხვედრაზე დასწრებას ითხოვს.
“თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ტელევიზიის დასწრებით ვითხოვ. ჩემს ძმაზე რა ზეწოლა იყო, იმის შემდეგ ამ ადამიანს მარტო შევხდე? არ ვაპირებ მარტო შეხვედრას თავმჯდომარესთან”,- აცხადებს ნაზი ფუტკარაძე.
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები რჩებიან.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.
ენმ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამასთან, აცახადებენ, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ მამა-შვილმა რიჟვაძეებმა.
გამოძიების დაწყებისა და თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით დღეს ბათუმსა და თბილისში ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გამართა.