აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერები ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე და მირდატ ქამადაძე გამოკითხვაზე მივიდნენ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქმე ეხება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრზე, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟს.
დეპუტატებმა მეხსიერების ბარათით სამმართველოში, გუშინ პარტიის მიერ გავრცელებული, ფარული ჩანაწერიც მიიტანეს.
“მოლოდინი არ გვაქვს, რომ საქმეს გამოიძიებენ, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ინსტიტუციებისადმი პატივისცემის ნიშნად მოვედით გამოკითხვაზე. მივაწვდით მათ ინფორმაციას, რაც საჯაროდ გვითქვამს თუ არ გვითქვამს, დეტალურად.
ეს ჩანაწერი პირადად ნუგზარ ფუტკარაძემ მიაწოდა გიორგი კირთაძეს. პირად საუბრებში გვიდასტურებდა ის, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდვის მცდელობას და მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, ამ ინფორმაციასაც მივაწვდით გამოძიებას,” – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
“ამ შენობაში უფროსი ვინც არის ყველამ კარგად იცის, ეს არის დავით რიჟვაძე, რა თქმა უნდა შორის ვართ იმ აზრისგან რომ ის, თორნიკე რიჟვაძის მამა საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიება ობიექტურად ჩაატარებს” -ამბობს გიორგი კირთაძე.
“აბსურდის თეატრი გრძელდება, გვიბარებს ადამიანი, რომელიც მკვლელობაშია ბრალდებული,”- ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
ჯერჯერობით, უცნობია, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება, თუმცა ენმ-ს ლიდერები უწყებაში იმ აუდიოჩანაწერებით მივიდნენ, რომელიც გუშინ გახდა საჯარო.
ცნობისთვის, საუბარია ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე, რომლის აუდიოჩანაწერებიც ენმ-მ გუშინ გაასაჯაროვა. ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი კირთაძემ თქვა, რომ ბათუმის ახალი საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე ასლან აბაშიძისდროინდელი ორი ძალოვანი, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით, ზეწოლას ახდენდა.
კირთაძის თქმით, ოცნებას საკრებულოში უმრავლესობისთვის “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციიდან ერთი დეპუტატის გადაბირება სჭირდებოდა, ერთ-ერთი პირველი კი, ვისზეც ზეწოლა დაიწყო, ნუგზარ ფუტკარაძე იყო.
კირთაძემ ბრიფინგზე გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მისივე თქმით, ისმის, როგორ სთავაზობენ ფუტკარაძეს “ქართულ ოცნებაში” გადასვლის სანაცვლოდ 100 000 დოლარს.
ენმ გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ამასთან, აცახადებენ, რომ თანამდებობები უნდა დატოვონ მამა-შვილმა რიჟვაძეებმა.
გამოძიების დაწყებისა და თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით დღეს ბათუმსა და თბილისში ოპოზიციამ საპროტესტო აქციები გამართა.