საახალწლო მოწყობილობების ნაწილი არის ამორტიზებული, ამიტომ მივიღეთ ახალი განათებების და ილუმინაციების შესყიდვის გადაწყვეტილება, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საახალწლო განათებებზე გამარტივებულ ტენდერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კონტრაქტის გაფორმებამდე ხარისხთან და გარანტიებთან დაკავშირებით მოკვლევა ჩატარდა.
”საახალწლო მოწყობილობების ნაწილი არის ამორტიზებული, შესაბამისად, მათი შეკეთება საკმაოდ ძვირი და არაეფექტური იქნებოდა. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ახალი განათებების და ილუმინაციების შესყიდვასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვას, კანონმდებლობის დაცვით იქნა გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული. გარკვეული მოკვლევა ჩატარდა ხარისხთან და გარანტიებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ იყო გადაწყვეტილება მიღებული”, – განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, გამარტივებული ტენდერი დროის სიმცირისა და ხარისხის გამო გახდა საჭირო.
თბილისში, 3 მილიონი ლარის ღირებულების, 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების გამარტივებული ფორმით შესყიდვის არარაციონალურობასთან დაკავშირებით ეჭვი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოთქვა.
წყარო: ინეტრპრესნიუსი