თბილისში, 3 მილიონი ლარის ღირებულების, 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების შესყიდვა რაციონალურად არ ხდება

503

საია, თბილისში, 3 მილიონი ლარის ღირებულების, 2017-2018 წლის საახალწლო დეკორაციების გამარტივებული ფორმით შესყიდვასთან დაკავშირებით, ახალ ინფორმაციას არცელებს.

ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით შექმნილმა კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“, სავარაუდოდ არ/ვერ უზრუნველყვეს სახელმწიფო შესყიდვის რაციონალურად დაგეგმვა და განხორციელება. აღნიშნულის განცხადების საფუძველს იძლევა შემდეგი:

– თბილისის მერის ბრძანების საფუძველზე, საახალწლო ღონისძიებებისა და დედაქალაქის ილუმინაციებითა და აქსესუარებით მაღალმხატვრულ დონეზე გაფორმების მიზნით, 2017 წლის 16 ივნისს,  კომისია შეიქმნა. კომისია ჯამში 3 სხდომა გამართა. პირველად, 2017 წლის 26 ივნისს შეიკრიბა და დაადგინა, რომ არაუგვიანეს 10 ივლისისა, თბილისის არქიტექტურის სამსახურს კომისიისათვის საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების დიზაინი უნდა მიეწოდებინა. ხოლო საფინანსო საქალაქო სამსახურს, 2017 წლის ბიუჯეტიდან თანხების მობილიზაციის წინადადებები წარედგინა. აღნიშნულის მიუხედავად, კომისიის შემდეგი სხდომა სექტემბრის თვემდე არ გამართულა;

– მიუხედავად იმისა, რომ კომისიის პირველივე სხდომაზე, 2017 წლის 26 ივნისს, ყურადღება დაეთმო საახალწლო ილუმინაციების სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებულ საკითხს და ამ მიზნით შესყიდვის პროცედურების დროულად დაწყების მნიშვნელობას, კომისიის მეორე სხდომა პირველიდან 41 დღის შემდეგ, 2017 წლის 7 სექტემბერს გაიმართამთელი ამ დროის განმავლობაში, კომისიას ხელთ არ ჰქონდა არც შესასყიდი ილუმინაციების და აქსესუარების საბოლოო ხარჯები და არც საქონლის დაზუსტებული დიზაინი;

– კომისიას 3 თვეზე მეტი დასჭირდა საიმისოდ, რომ საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების დიზაინი შეეთანხმებინა და „თბილსერვის ჯგუფისათთვის“ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების დაწყება ეთხოვა;

– კომისიის მიერ გამართული სხდომების ოქმებში არსად არ არის ნახსენები სახელმწიფო შესყიდვის ფორმად, გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გამოყენების საჭიროება და „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების“ წინაპირობა. სანაცვლოდ, კომისიის პირველივე სხდომის ოქმში საუბარია „ელექტრონულ ტენდერთან“ დაკავშირებული საკითხის თაობაზე.

საიას მიაჩნია, რომ კომისიამ, შესაბამისმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა და შპს „თბილესრვის ჯგუფმა“ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხერხდა პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ  სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ფორმით განხორციელება გამორიცხულიყო და კომპანიას სახელმწიფო შესყიდვის ფორმად ელექტრონული შესყიდვა გამოეყენებინა.

გვსურს კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ კომისიის და შესაბამისი ორგანოების ეფექტური მუშაობის შემთხვევაში,  შესაძლებელი იყო დაგეგმილი შესყიდვის ელექტრონულად განხორციელება, რაც შესაძლებებს გახდიდა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის და ჯანსაღი კონკურენციის განვითარების ხელშეწყობას. ამასთან, ელექტრონული შესყიდვა მინიმუმამდე შეამცირებდა იმ რისკს, რომელიც გამარტივებული შესყიდვის დროს მიმწოდებელი კომპანიის შერჩევას ახლავს თან.