თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად დასრულდა.
მისივე თქმით, ორი მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციამ, გადაადგილების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი პრობლემები გამოიწვია, ამიტომ დანარჩენი კვანძების მოწესრიგებას ეტაპობრივად მიყვებიან.
პროექტის ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირზე – ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის წინ და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე რეაბილიტირდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე და გარე განათების ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე, LED სანათები, მოეწყო მიწისქვეშა ურნები, ასევე, მიწის ქვეშ განთავსდა საჰაერო კაბელები. ჰიდროიზოლაციის სამუშაოები ჩატარდა თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარი, გზის სავალ ნაწილზე კი სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო. ფეხით მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო სატრანსპორტო კუნძულები, ახალი მოსაცდელები და ზებრა გადასასვლელები, გამოიყო სპეციალური ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.