ადიგენის მერიასა და საკრებულოში სახელფასო ფონდი 284 800 ლარით იზრდება – ბიუჯეტის პროექტი

418

ადიგენის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი 9 538 500 ლარით განისაზღვრა, ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურაა, რისთვისაც 2 948 100 ლარია გამოყოფილი. მიმდინარე წლისგან განსხვავებით 284,8 ათასი ლარითაა გაზრდილია მერიისა და საკრებულოს თანმაშრომლების ხელფასებითვის განკუთვნილი თანხა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ადიგენის ბიუჯეტი 2022 წლისთვის შეადგენს 9 538 500 ლარს. ხარჯის ნაწილში ძირითადად გაზრდილია ინფრასტრუქტურული მიმართულებით, მათ შორისაა: საგზაო ინფრასტრუქტურა, გარე განათების ექსპლუატაცია, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი  შენობების შეკეთება და.ა.შ. სახელფასო მუხლშიც არის ზრდა დაახლოებით 300 000 ლარამდე“,– გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არსენ ბალახაშვილმა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, შრომის ანაზღაურების საერთო ხარჯი 2020 წელს – 1 199,5 ათას ლარს შეადგენდა, 2021 წელს 1 339,4 ათასი ლარით განისაზღვრა, 2022 წლის ბიუჯეტში კი 1 624,2 ათასი ლარია გათვალსწინებული.

საკრებულოს თავმჯდომარის, იმედა მღებრიშვილის განცხადებით, დეპუტატებმა თანხის გაზრდა სოციალური მიმართულებით მოითხოვეს, ასევე განიხილეს ადიგენის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის და კულტურის სახლის მშენებლობის საკითხებიც.

„ძირითადად შენიშვნები პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით იყო. დეპუტატებს სურთ თანხა სოციალური კუთხით გაიზარდოს, რათა მეტი მოსახლეობის დახმარება შევძლოთ. შენიშვნები იყო გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით. მოსაწყობია დაბის ცენტრალური სტადიონი, არ გვაქვს კულტურის სახლის შენობა. პარალიზებულია მუნიციპალიტეტი, ნაკლებად  ჩამოდიან სტუმრები და ღონისძიებები ფაქტობრივად არ იმართება“,– ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას, მოქმედი საკრებულოს წევრები და ახლად არჩეული დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

ბიუჯეტის პროექტმა საბოლოო სახე 10  დეკემბრამდე უნდა მიიღოს.