2022 წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტი უკვე მომზადებულია. მერიამ საჯარო განხილვებიც დაასრულა. დოკუმენტის თანახმად თანხები საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც უნდა დაეთმოს. მაგალითისთვის 8 მილიონი ლარი ფარნავაზ მეფის, ასევე ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში, ასევე ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე ქვაფენილების ორფენიანი ასლფალტის საფარით ჩანაცვლებისთვის დაეთმობა. მერიის შესაბამისი სამსახურები ფიქრობენ, რომ აღნისნული სამუსდაოები ქალაქში საცობებს შეამცირებს და საპარკინგე ადგილებს გაზრდის. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იქნება გადანაწილებული. მათ შორისაა, ცენტრალურ ქუჩებზე ქვაფენილის აყრა და ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნულის განხორციელება ორ მისამართზე, ფარნავაზ მეფისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე იგეგმება. მძღოლები ამბობენ, რომ გზის საფარი სხვა ქუჩებზეცაა შესაცვლელი და ამორტიზებული ქვაფენილები ორფენიანი ასფალტით უნდა ჩანაცვლდეს.
მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ზღვისპირა ქალაქს ქვაფენილი უხდება. მათი შეფასებით, არსებულის დემონტაჟის ნაცვლად, მისი განახლება უნდა მოხდეს.
ბათუმის მერიაში თვლიან, რომ ასფალტ-ბეტონის საფარით ქვაფენილის ჩანაცვლება საცობების პრობლემას მოაგვარებს. მათივე განმარტებით, ინფრასტრუქტურული ცვლილება საპარკინგე სივრცეების დამატებასაც შეუწყობს ხელს.
ოპოზიციაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მიესალმებიან. თუმცა, აღნიშნავენ, რომ აუცილებელია, სამუშაოების სწორად განხორციელება, რათა უამინდობისას ქუჩები აღარ დაიტბოროს. მათი შეფასებით, საპარკინგე სივრცეების ზრდის ხარჯზე კი, შესაძლოა, ტროტუარების შევიწროება მოხდეს, რაც დისკომფორტს ფეხით მოსიარულეებს შეუქმნის.
ბათუმის მერია გორგასლისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე ქვაფენილის ნაცვლად ასფალტის საფარის დასაგებად 8 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. ჯამში, სულ 35 ათასი კვადრატული მეტრი მოეწყობა. სამუშაოები მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს.