რამ გამოიწვია მორიგი საბიუჯეტო ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში

293

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში მორიგი ცვლილება შედის. საბიუჯეტო ცვლილება სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების თანხის ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვასთან და ორი მუნიციპალური ა(ა)იპ-ისთვის სუბსიდირების გაზრდასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

  • 2021 წლის 5 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამატებით გამოეყო 191 792 ლარი; აქედან 174 283 ლარი საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის, ხოლო 17 720 ლარი – საჯარო სკოლების სარეაბილიტაციოდ, – უკვე შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად.
  • ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4,0 ათასი ლარის დამატება სჭირდება ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა ტრანსპორტირებისა და დატესტვის მიზნით თანამშრომელთა სოფლებში მგზავრობისთვის.
  • მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურისგან საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ „სათნოების სახლის“ სუბსიდირების გაზრდაა საჭირო, 14,0 ათასი ლარით, ბენეფიციართა გაზრდილი რაოდენობის კვებისათვის, კოვიდინფიცირებულ ბენეფიციართა ბინაზე მომსახურეობის, სადეზინფექციო საშუალებებისა და კომუნალური ხარჯების გასაწევად.
  • მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერია სარეზერვო ფონდის 12 ათასი ლარით გაზრდას მოითხოვს.

„აღნიშნული სახსრების მობილიზება შესაძლებელია 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში წარმოქმნილი ეკონომიების ხარჯზე, – ნათქვამია განმარტებით ბარათში, – კერძოდ:

  • სოფლის მეურნეობის ხარჯების 20,0 ათასი ლარით შემცირებით;
  • ასევე საერთო დანიშნულების ხარჯებში წარმოქმნილი 10,0 ათასი ლარის ეკონომიით, კერძოდ:
    ა) სასამართლოს გადაწყვეტილების ფინანსური უზრუნველყოფის ხარჯების 2,6 ათასი ლარითა და
    ბ) მუნიციპალიტეტის ვალდებულებების დაფარვის ხარჯების 7,4 ათასი ლარით შემცირებით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხარჯზე, ათწლიანი სესხით შეიძინა ნაგავმზიდი და კონტეინერები.

სესხის დასაფარავად 2021 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი თანხიდან 7,4 ათასი ლარის ეკონომია დოლარის კურსის ცვალებადობამ გამოიწვია.

სოფლის მეურნეობის ხარჯები 20 ათასი ლარით შემცირდა, რადგან 2021 წელს ამ მიმართულებით პროექტი არც ერთ დაინტერსებულ პირს არ წარუდგენია.

ამ საბიუჯეტო ცვლილებას ხარაგაულის მუნიციპალუტეტის საკრებულო, რიგგარეშე სხდომაზე, 24 ნოემბერს განიხილავს.