ზუგდიდის საკრებულოს თავმჯომარე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ბრალდება, რომ 2022 წლის ბიუჯეტში თანხების დიდი ნაწილი მერიის თანამშრომლების და ა(ა)იპების ხარჯებს ხმარდება, სიმართლეს არ შეესაბამება. ესეც, მისი განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციის ნაწილია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დადგენილია 46 მილიონ 500 ათასი ლარის ოდენობით. კანონში იყო ადრე ჩანაწერი, რომ სახელფასო ფონდი არ უნდა ყოფილიყო ბიუჯეტის 25%-ზე. თუმცა ბოლო პერიოდში ეს ჩანაწერი ამოღებულია კანონიდან. ჩვენთან მიმართებაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 16, 07%-ს შეადგენს საბიუჯეტო ფონდი, ანუ დაახლოებით 7 მილიონ ლარს და არა 22 მილიონს, როგორც ისინი ამბობენ”, – აღნიშნა ბესიკ ჭეჟიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, ზუგდიდის მერიის ააიპ-ების ადმინისტრაციული ხარჯები და სახელფასო ფონდი 15 მილიონი ლარია, მერიის და საკრებულოსი კი 7 მილიონი, ჯამში 22 მილიონი.მათივე თქმით, ცვლილებები ბიუჯეტში მოგვიანებითაც შეიძლება შევიდეს, ახლა მთავარია არ მისცენ საშუალება “ვადაგასულ საკრებულოს”, მიიღოს მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი.
ოპოზიციის განმარტებით, საკრებულო ცდილობს ახლის შეკრებამდე, დაჩქარებული წესით მიიღოს ბიუჯეტის პროექტი, რადგან ახალი საკრებულოს პირობებში, პროექტის ორჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, მერის და საკრებულოს ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს. ადგილობრივი ხელისუფლება კი, როგორც ირწმუნებიან, სწორედ ამ პროცესის თავიდან არიდებას ცდილობს.
ბრალდებებს მმართველი გუნდი უარყოფს. თქმით კი, ისინი ბიუჯეტს პროექტს განიხილავენ გრაფიკის მიხედვით და სხვა არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.
17 ნოემბერს საკრებულო სხდომათა დარბაზიდან გააძევეს მოშიმშილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობას, ამ “არალეგიტიმურ პროცესს” არ დაუშვებდნენ.