ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

287

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ დღეს ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა, ინფორმაციას ბათუმის საკრებულო ავრცელებს.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს ბიუჯეტიდან განათლების მიმართულების პროგრამები 26,792,300 ლარით დაფინანსდება. კერძოდ, სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას 26,602,300 ლარი მოხმარდება, პროფესიულ განვითარებასა და უმაღლესი განათლების ხრლშეწყობას – 170,000 ლარი, ზოგადი განათლების ხელშეწყობას – 20 000 ლარი

პროექტის მიხედვით, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობის და სპორტის მიმართულებით, სპორტის განვითარების ხელშეწყობა 4,713,600 ლარით დაფინანსდება, კულტურული ღონისძიებები და ფესტივალები – 2,678,00 ლარით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა – 2,509,100 ლარით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებაზე 17,600 ლარი დაიხარჯება, ახლგაზრდობის განვითარების ხელშეწყობაზე კი – 268,000 ლარი.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბათუმის საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს შემოვიდა. პროექტის თანახმად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები ჯამში 252,547,400 ლარს შეადგენს.

ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე განიხილეს საკრებულოს ინფრასტრუქტურის განვითარების და ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომისიებმა. საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისია კი მომავალი წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს 19 ნოემბერს, 12 საათზე განიხილავს. კომისიის სხდომა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ბრიფინგრუმში გაიმართება.