ხმაური და დაპირისპირებაა ზუგდიდის საკრებულოში – მოშიმშილე ოპოზიციონერები სხდომათა დარბაზიდან პოლიციის ძალის გამოყენებით გაიყვანეს. შეუძლოდ გახდა ერთ-ერთი დეპუტატიც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
“ეს ძალის გამოყენება კი არ იყო, ეს იყო საშინელება. ჩემზე, მოშიმშილე ადამიანზე მოსინჯეს კუნთები და გამომათრიეს ძალით. ჰუმანური საზოგადოება, ეს მათხოვრები ესენი ჩვენთან არიან მაგრები და ჩვენთან მოისინჯეს კუნთი. დიდი პატივია აქ ვეგდო იატაკზე და მიყურებდნენ მონები, მონებს ვუყურებდე, რომ არ არსებობს ძალა, რომელიც დაამარცხებს იმას, რასაც ჩვენ ვებრძვით”, – თქვა მოშიმშილემ, რომელიც დაპირისპირებისას შეუძლოდ გახდა
შეგახსენებთ, ზუგდიდის საკრებულოს ძველი მოწვევის უმრავლესობა დღეს ბიუჯეტის განხილვას გეგმავდა, რაზეც საკრებულოს ოპოზიციის წევრები, ახლადარჩეული დეპუტატები ამბობენ, რომ უფლება არ აქვთ. მათივე თქმით, “ქართული ოცნება” ახლა ცდილობს მომავალი წლის ბიუჯეტი საკრებულოს ძველი შემადგენლობით დაამტკიცოს და ბოლომდე საკუთარ ინტერესებს მოარგოს.
სწორედ ეს გახდა ოპოზიციონერი მოშიმშილე დეპუტატების პროტესტის მიზეზი. მათ საკრებულოს სხდომათა დარბაზში დილით ლეიბები შეიტანეს და ამბობდნენ, რომ არ მისცემდნენ “ოცნებას” ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების საშუალებას.