დღეს, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბოიკოტის ნიშნად დატოვა. არჩილ მამულაძის განცხადებით, წარმომადგენლობით ორგანოში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 600-მდე საკითხი დააყენა, მმართველი გუნდის წევრებმა კი მათგან არც ერთი გაითვალისწინა.
მისივე თქმით, იგი საკრებულოს ლეგიტიმაციის მიწურულს, ვეღარ აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც წართმეული აქვს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
“საკითხებს რომ ჩვენ ვღებულობთ, ვამტკიცებთ, შემდგომ ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება და ჩვენი ძირითადი მოვალეობაა მისი გაკონტროლება და პასუხის მოთხოვნა შესაბამის სამსახურებზე. ფაქტობრივად, ეს მექანიზმი არის მოშლილი. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვეღარ ავიღებ თავზე იმ პასუხისმგებლობას, რომელიც წართმეული მაქვს” – თქვა არჩილ მამულაძემ.
დღევანდელი სხდომა, ასევე ბოიკოტის ნიშნად, ნაზი ფუტკარაძემაც დატოვა. „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აღნიშნავდა, რომ მე-4 მოწვევის საკრებულოს არ აქვს ლეგიტიმაცია სხდომები ჩაატაროს და გადაწყვეტილებები მიიღოს.