ბათუმის მერიის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი შედგენილია. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 252 მილიონი ლარით განისაზღვრა. უკვე მიმდინარეობს საჯარო განხილვა და მოსახლეობისთვის წარდგენა. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს გადაეგზავნება. თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ვინ დაამტკიცებს დოკუმენტს? დეპუტატები, რომლის უფლებამოსილების ვადა უკვე ამოიწურა თუმცა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობით არის დაკომპლექტებული თუ ახალი მოწვევა კოალიციურად დაკომპლექტებული. ფაქტია, რომ დოკუმენტი ნაჩქარევად მომზადდა და პროცესებიც სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, ცესკო ახალ მოწვევას საკანონმდებლო ორგანოში არ ჩქარობს.
ბათუმის მომდევნო წლის ბიუჯეტს, საკრებულო ძირითადად მიმდინარე წლის ბოლოს, 20 დეკემბრის შემდეგ ამტკიცებდა. ამას, გსული წლების პრაქტიკაც ცხადყოფს. მას, შემდეგ კი, რაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანო ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტდა, ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურები შესამჩნევადაა დაჩქარებული. პროცესის დაჩქარებამ ეჭვები გააჩინა, როგორც საზოგადოებაში, ისე, მესამე სექტორში. რატომ ჩქარობს მერია ბიუჯეტის დამტკიცებას იქამდე ვიდრე ახლი მოწვევის საკრებულო დაკომპლექტდება? არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ხელისუფლება ამით ახლადარჩეულ დეპუტატებს მერიის გადაწყვეტილებების გაკონტროლების უფლებას ართმევს.
ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომის თარიღს ცესკო განსაზღვრავს. შესაბამისად, უწყებამ ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს შეკრების ვადა 15 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. შედეგად შესაძლოა, ახალ შემადგენლობას 2022 წლის ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის გადაწყვეტილებით უკვე დამტკიცებული დახვდეს. რაც არ სცდება კანონს, თუმცა, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული არადემოკრატიულია.
იმას, რომ ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესაძლებლობა ახალ, მე-5 მოწვევის საკრებულოს არ ეძლევა, აკრიტიკებენ ოპოზიციაში. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ უმრავლესობით მიღებული ბიუჯეტი, კორუფციულად იქნება გაწერილი. „ლელოში“ კი ამბობენ, რომ თუკი, მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს საკრებულოს წინა შემადგენლობა დაამტკიცებს, ისინი სხდომებზე ძველი მოწვევის დეპუტატებს მუშაობის პროცესში დისკომფორტს შეუქმნიან.
ის, რომ ახალი მოწვევის დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლა დროში იწელება, უარყოფითად აფასებენ ექსპრემიერის პარტიაშიც. აკაკი გვიანიძე ამბობს, რომ დაუშვებელია ახლად არჩეული დეპუტატები მთელი წლის განმავლობაში მათ მიერ არ დამტკიცებულ ბიუჯეტს აკონტროლებდნენ.
თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები 15 ოქტომბერს დაიწერა. რეგლამენტის მიხედვით ახალი მოწვევის საკრებულო 30 დღის ვადაში უნდა მოეწვიათ. არსებული საჩივრების მიზეზით, ცესკომ ვადები 15 დეკემბრამდე გადაწია. ამ პერიოდში კი, შესაძლოა, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ძველმა საკრებულომ მიიღოს. არადა, ბიუჯეტის შესრულება სწორედ ახალი მოწვევის საკრებულომ უნდა გააკონტროლოს.