ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა შეფერხდა

314

ხარაგაულის ცენტრალურ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებელი კომპანიიის, „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფის“ წარმომადგენელ დიმა შალიკაშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ამჟამად ცენტრალური მაგისტრალიდან მოსახლეობამდე დასაერთებელ ჭებს აწყობენ. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

„მშენებლობის მეორე ეტაპზე გამწმენდი ნაგებობა მოეწყობა და მოსახლეობის საკანალიზაციო სისტემები ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთდება, – ამბობს დიმა შალიკაშვილი, – მიჭირს იმის თქმა, თუ როდის დავასრულებთ პირველი ეტაპის სამუშაოებს.

ხელშეკრულების მიხედვით, პროექტში ცვლილება შევიდა და ახალ პროექტს ჩვენი დამკვეთისგან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან ველოდებით.

პროექტში ცვლილება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც მიწის ის ნაკვეთი გაიყიდა, სადაც კანალიზაციის ცენტრალური მაგისტრალი უნდა გავიდეს. დაკორექტირებული პროექტის მიღებისთანავე სამუშაოებს აქტიურად გავაგრძელებთ“.

ხარაგაულში საკანალიზაციო სისტემის პირველი ეტაპის მშენებლობას 1 890 360 ლარი უნდა მოხმარდეს.