“განახლებული რეგიონების” ფარგლებში, დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

320

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, დმანისში “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დმანისში 2 მილიონამდე ლარის ღირებულების 4 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეწყობა ახალი რეკრეაციული სივრცეები, შადრევნები, ხორციელდება კულტურის სახლის ფასადისა და „თავისუფლების ხეივნის“ მშენებლობა – რეაბილტაცია.

დმანისში მიმდინარე სამუშაოებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილთან და დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტების ფარგლებში, ყველა ლოკაციაზე შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემები, ტერიტორიები მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით, განხორციელდება დაზიანებული ბორდიულების რეაბილიტაცია, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები, დეკორატიული ღობეები, გარეგანათებები და დაირგვება მცენარეები.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი პროექტების მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული უპრეცედენტო პროგრამის ფარგლებში, ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.