მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლის შემდეგ, „ლელოსა“ და “რეფორმების ჯგუფის“ ფრაქციებს, შესაძლოა, ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფებად გადაკეთება მოუწიოს

367

მამუკა ხაზარაძისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, ორ საპარლამენტო ფრაქციას “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და “რეფორმების ჯგუფს“, შესაძლოა, ე.წ. პოლიტიკურ ჯგუფებად გადაკეთება მოუხდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ ორივე ოპოზიციური ფრაქცია ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატების მინიმალური რაოდენობით – სულ შვიდი წევრის შემადგენლობით არის წარმოდგენილი. თუკი უახლოეს ერთ კვირაში მათ შემადგენლობაში რომელიმე უფრაქციო წევრი არ შევა, აღნიშნული ფრაქციები გაუქმებულად ჩაითვლება.

ამასთან, მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს დროებით ნორმას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში ორ დეპუტატსაც კი ე.წ. პოლიტიკური ჯგუფის შექმნა შეუძლია. პარლამენტში ასეთი სამი ჯგუფია და პოლიტიკური ჯგუფები თითქმის იგივე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობენ, რაც ფრაქციებს გააჩნია.