საპროტესტო მსვლელობა დაიწყო – ოპოზიციის ლიდერები და აქციის მონაწილეები მეტრო “ავლაბრის” ტერიტორიიდან რამდენიმე წუთის წინ დაიძრნენ და ბარათაშვილის დაღმართის გავლით მიემართებიან.
გზის მეორე მხარეს უკვე მობილიზებულია პოლიციაც. აქციის მონაწილეები მსვლელობით ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვას გეგმავენ. გზა ჩაკეტილი 2 საათით იქნება.
გიგი უგულავამ ირაკლი კობახიძეს და “ქართულ ოცნებას” კონსტიტუციის 21-ე მუხლი შეახსენა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ასევე, მოთხოვნაა ვადამდელი, სამართლიანი არჩევნები.
ამასთან, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია განმარტავს, დღევანდელი აქტივობა ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.
როგორც ნიკა მელიამ მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა, ყოველდღიური ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.