ქალაქ ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, საინჟინრო (ჰიდროტექნიკური) ნაგებობის აღდგენა-რეაბილიტაციას, ტერიტორიის გამწვანება-კეთილმოწყობას, მისასვლელი გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობას, ღობეების რეაბილიტაციას.
კუნძულის სანაპირო ზოლზე მოეწყობა დაღუპულ მეზღვაურთა მონუმენტი.
როგორც ფოთის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების ღირებულება 2 560 000 ლარს შეადგენს.
კუნძულის სანაპიროს 2 000 – მეტრიან ზოლზე მოეწყო შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო საფეხმავლო და საავტომობილო გზები, აშენდა სავარჯიშო ზონები-ჩოგბურთის კორტი, მინისაფეხბურთო მოედანი, მოეწყო ვეტერანთა სახლი.
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ინფრასტრუქტურული განახლება და მოწესრიგებული სივრცეები ქალაქს მეტ სიცოცხლეს სძენს.