ლაგოდეხის მერმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი დაითხოვა

518

ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი სამსახურიდან დაითხოვა და მის ნაცვლად, გათავისუფლებულის ყოფილი მძღოლი დანიშნა. ბრძანება 12 ნოემბერს გამოიცა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ყოფილი დირექტორი, ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ მერმა ჯერ განცხადების დაწერა მოსთხოვა, უარის შემდეგ კი, ბრძანება ოფიციალურად ჩააბარა.

ნოზაძის თქმით, თავდაპირველად, ჯანდაცვის სამსახურში აუდიტი შეუშვეს. ეს მას შემდეგ, რაც მან მდივნიშვილს დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებები აუკრძალა. დოკუმენტში კი ჩაწერეს, რომ ინვენტარიზაციის კუთხით, ასევე, ფედერალური წესით წამოსული დაფინანსების განაწილებასა და კოვიდ ტესტებთან დაკავშირებით, დარღვევებია აღმოაჩენილი.

მისივე მტკიცებით, საპარლამენტო არჩევნების დროს, მერი მას ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების იზოლაციის პირობების განსაკუთრებულ კონტროლსაც სთხოვდა. მერიაში ამბობენ, რომ გათავისუფლების მიზეზი ნოზაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და სამსახურის წესდებისა და შინაგანაწესის დარღვევა გახდა.

ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლოში ჩივილს აპირებს.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მუნიციპალური ა(ა)იპ-ია, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დელეგირებული უფლებამოსიბის ფარგლებში ფუნქციონირებს.