ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს რუსთავის ბიუჯეტში, შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოა. გასულ წელს რუსთავის ბიუჯეტი დავიწყეთ 50 მილიონით, დღეს კი პროექტი მომზადებულია 81 მილიონზე, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
„31 მილიონით იზრდება ბიუჯეტი და ეს კიდევ შეიცვლება მთელი წლის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით ვიმუშავებთ, რათა ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიზარდოს. ეს კიდევ უფრო მეტი სერვისის და პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს, თუმცა 81 მილიონიანი ბიუჯეტიც ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს. პრიორიტეტად რჩება სოციალური მიმართულება და ჯანდაცვა. ორმაგდება მედიკამენტების დაფინანსება, ოპერაციის ხარჯებზე გაიზრდება თანადაფინანსება. სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ყველა სერვისი და პროექტი გაგრძელდება და დაემატება ახალი სერვისებიც. ასევე ინფრასტრუქტურაზე მინდა ვთქვა, პრიორიტეტად ავირჩიეთ უსაფრთხოება. გვაქვს ავარიული შენობების პრობლემები. რამდენიმე კორპუსი მყისიერ ჩარევას საჭიროებს. გათვალისწინებული გვაქვს ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია, ასევე ლიფტების რეაბილიტაციის პროგრამაზე 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. გასულ წელს ინფრასტრუქტურაზე 7 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ახლა კი 17 მილიონი ლარი იქნება“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.