აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

215

აგრარული და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2022-2025 წლების პრიორიტეტები კომიტეტის წევრებს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარუდგინა. ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროგრამებზე დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა -გიორგი სურმანიძემ. მისი განცხადებით, უწყების მომავალი წლის გაზრდილი ბიუჯეტი 19 მილიონი ლარია.

„მომხსენებლებმა უპასუხეს უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს, მოისმინეს მათი შენიშვნები, წინადადებები და რეკომენდაციები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. სხდომაზე ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა.

კომიტეტმა ცნობად მიიღო 2021 წლის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის, აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლის, ჩამდინარე და ზედაპირული წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსი ჯემალ ნაკაშიძემ წარმოადგინა.

სხდომის დასასრულს, კანონმდებლებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პროექტი. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარემ ფრიდონ ფუტკარაძემ წარმოადგინა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.