სოციალური საცხოვრებლები ქედაში სველი წერტილების გარეშე

335

საცხოვრებლები სველი წერილების გარეშე. სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრები ოჯახებისთვის, ქედის მერია სახლებს აშენებს, თუმცა, პროექტში, სველი წერტილი გათვალისწინებული არ არის. რამდენად აკმაყოფილებს პროექტი ადამიანურ საჭიროებებს? თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ქედაში, სოფელ ზენდიდში მცხოვრები ემზარ პაპუნიძის ორსულიანი ოჯახი ერთ-ერთია, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია საცხოვრებელს უშენებს. ოჯახი სახელმწიფო შემწეობით არსებობს, თუმცა სხვა ბევრი სოცილაურად დაუცველისგან გასხვავებით, პაპუნიძეების პირობები უკიდურესად მძიმეა. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ბენეფიციართა სიაში. როგორც იგი ყვება, ნახევრად ჩამოშლილი სახლი, სადაც ახლა შვილთან ერთად ცხოვრობს, წლების წინ დანგრეული სკოლის მასალისგან არის აშენებული.

ხელისუფლება სახლს დაბა ქედაში მცხოვრებ ნაზი ჯაბნიძის ოჯახსაც უშენებს. საძირკვლის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია.  რუსთაველის ქუჩაზე არსებული ჯაბნიძეების ყოფილი საცხოვრებელი  სახლის დემონტაჟი რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა. სიცოცხლისთვის საშიში გარემოს გამო, მერიამ ოჯახი ქირით ჯერ კიდევ დემონტაჟამდე გაიყვანა.

ქედის მერია სულ ოთხ ერთნაირ სახლს აშენებს. ისინი წლის ბოლოსთვის უნდა ჩაბარდეს. ერთ სახლზე 35 ათასი ლარი იხარჯება, თუმცა არც მეტი არც ნაკლები, პროექტში სველი წერტილები არ მოიძებნება. ამ დროისთვის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ სოფელ დოლოგანშია დასრულებული.

რატომ გამორჩათ სველი წერტილის გათვალისწინება პროექტის შედგენისას? კითხვით ქედის მერს მივმართეთ. პასუხი კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდა. თურმე გადაწყვეტილება მიზანმიმართულად მიიღეს, რადგან საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, სახლს აბაზნა არ სჭირდება, კომუნიკაციის გამართვა კი სოლიდურ თანხებს საჭიროებს.

თვითმართველობის ინფორმაციით, მიმდინარე წლისთვის საცხოვრებელი სახლის აშენების მოთხოვნით, ქედის მერიასმ  30-მდე ოჯახმა მიმართა. შესული განცხადებების გადამოწმების საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის მიმღები ბენეფიარები სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. ინდივიდუალური სოციალური სახლების პროგრამა ქედის მერიამ პირველად 2019 წელს განახორციელა.