აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტის რეჟიმში გადადის. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, “სახელმწიფო მართვის სამივე შტო ერთმა ოლიგარქმა მიიტაცა და ერთადერთი გამოსავალი ბოიკოტია”.
ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
“ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა. მას არ ეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. რისკის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, როცა ხელისუფლება უარს აცხადებს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე სამედიცინო დაწესებულებაში.
ჩვენ კარგად ვნახეთ თუ რა ვითარებაში ჩატარდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტური. სახელისუფლებო გუნდმა სრულ ტერორში აცხოვრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მთელი საარჩევნო პერიოდი მიდიოდა ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაშინება სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე მუქარა სამსახურიდან დათხოვნის მუქარით თუ მათი ოჯახის წევრები აქტიურად არ ჩაერთვებოდნენ სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერაში, ზეწოლა კერძო სექტორზე, კომპანიების ხელმძღვანელები მუქარით აიძულებდნენ დასაქმებულ პირებს ჩართულიყვნენ სახელისუფლებო კანდიდატების მხარდასაჭერად.
ადგილი ჰქონდა ე.წ კრიმინალების ჩართვას საარჩევნო პროცესში. მათ მიეცათ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწმობები და ქუჩიდან გადაინაცვლეს საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო კომისიებში თითქოსდა ნეიტრალურ წევრებად დანიშნეს “ქართული ოცნების” აგიტატორები, რეალურად ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა არჩევნები მოიპარეს და ხალხს წაართვეს თავისუფალი არჩევანის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩვენი ფრაქცია უნდა გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სახელმწიფოს მართვის სამივე შტო საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება მიიტაცა ერთმა ოლიგარქმა, შესაბამისად, მიმაჩნია ბოიკოტი და პროტესტი არის ერთადერთი გამოსავალი ხალხს დაუბრუნდეს არჩევანი, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების უფლება და შესაძლებლობა”,- ნათქვამია ბაგრატიონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.