ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ,- ასე ეხმაურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლებისთვის მიცემულ ულტიმატუმს.
როგორც კობახიძე განმარტავს, ხელისუფლება მშვიდობაზეა პასუხისმგებელი.
„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ეს არის ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა. ქვეყანას სჭირდება მშვიდობა. ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი. თუ ვინმეს ექნება მცდელობა დესტრუქციული ნაბიჯი გადადგას, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს კანონის შესაბამისად“, – აღნიშნავს კობახიძე.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილი „ფეიკი“ აღმოჩნდა.
„რა თქმა უნდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველას აინტერესებდა შიმშილობდა თუ არა მიხეილ სააკაშვილი. ამ კითხვას ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც მიხეილ სააკაშვილი არის „ფეიკი“. მისი შიმშილობაც „ფეიკი“ აღმოჩნდა. საზოგადოებას აინტერესებდა ეს ყველაფერი და დარწმუნდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა „ფეიკია“.
ძალიან მარტივად არის საქმე, როდესაც საქმე ეხება შიმშილობას, შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე. თუ ის რეალურად შიმშილობს, ამაზეც ის არის პასუხისმგებელი. თუ ის „ფეიკ“ შიმშილობს, ამაზეც თვითონ არის პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე ეს სამარცხვინო მესიჯი, რომ თითქოს ვინმე კლავს სააკაშვილს, შეუძლიათ თავისთვის შეინახონ”, – აღნიშნავს კობახიძე.
ცნობისთვის, რუსთავის ციხესთან შაბათს გამართულ აქციაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველ გუნდს 24- საათიანი ვადა მისცა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ. 24 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე აქციას გეგმავს.