რაჭაში დასვენება წლიდან წლამდე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა მიუხედავად, ამისა რეგიონში ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს წყლითა და გაზით მომარაგების საკითხი. შესაბამისად, ობიექტებს სტუმრებისთვის სრულფასოვანი მომსახურების გაწევა ყველა სეზონზე არ შეუძლიათ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯებია გადასადგმელი. მისი თქმით, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება დაიწყოს, რადგან რაჭაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან მზარდია.
“ინვესტიციები რაჭას ჰაერივით სჭირდება. წლევანდელმა წელმა აჩვენა, რომ რაჭას აქვს უდიდესი პოტენციალი. ძალიან კარგად იმუშავა იმ პატარა სასტუმრომ, რომელიც ჩვენ გავხსენით, ეს იყო პირველი მაღალი დონის სასტუმრო რაჭაში. სასტუმროს დახურვა 1 ნოემბერს მოგვიწია, ეს კი იმის გამო, რომ გაზი არ არის. ფიზიკურად ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პირობა გვაქვს. გაზი არ არის და მას შემდეგ რაც აცივდა, ვეღარ შევინახავდით სასტუმროს. წლევანდელმა სეზონმა გვაჩვენა ის, რომ რაჭის მიმართ არის ძალიან დიდი მოთხოვნა. ის არის მოთხოვნადი კურორტი, როგორც ქართველებში, ისე არაქართველებში”, – ამბობს შალვა ალავერდაშვილი.