რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე: რაჭაში წყლის და გაზის პრობლემების გამო ზამთარში ობიექტები იხურება

412

რაჭის რეგიონში მდებარე ბიზნესები უკვე წლებია საუბრობენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომელიც რაჭის ტურისტული პოტენციალის ათვისებას აფერხებს. რაჭის სოფლების ნაწილში ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენს წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. როგორც რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, ამ პრობლემების გამო ზამთარში რაჭაში სასტუმროები იხურება, რადგან მათი მუშაობა არსებულ პირობებში წარმოუდგენელია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

ალავერდაშვილის თქმით, იქამდე სანამ სახელმწიფო ამ პრობლემებს არ მოაგვარებს ამ რეგიონით ინვესტორების დაინტერესება რთული იქნება.

“რაჭაში ძალიან დიდი პრობლემებია. იმის გამო, რომ რაჭაში წყლის და გაზის პრობლემა ვერ გვარდება ობიექტები ზამთარში იხურება და სასტუმროს მუშაობას ამ პრობლემის გამო რენტაბელურობა არ აქვს. საკმაოდ რთულია, ინვესტორი დაარწმუნო, ჩამოიყვანო, ისეთი პირობები შეუქმნა , რომ მან იქ დამატებითი ინფრასტრუქტურა ააშენოს. მთავარი ინფრასტრუქტურა, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ეს არის გაზი, ელექტროენერგია, კანალიზაცია. ამის მოგვარება არის ერთ-ერთი წინაპირობა იმის, რომ ინვესტიციები შემოვიდეს და ინვესტორი დაინტერესდეს. არ უნდა იფიქროს ინვესტორმა იმაზე, რომ წყალი თვითონ გააკეთოს, გაზი მოიყვანოს და ელექტროენერგიაზე იზრუნოს. ეს ინვესტორისთვის საკმაოდ დიდი ხარჯია.”-აცხადებს რესტორნებისა და სასტუმროების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი.