ირაკლი ჭეიშვილი: “ნაცმოძრაობის” განცხადება, თითქოს თორნიკე რიჟვაძის მამა მათი პარტიის წევრების მოსყიდვას ცდილობს, ტყუილია

673

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ჭეიშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებას ტყუილს უწოდებს.

როგორც “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურის შედეგებით შეშინებულია და “ქართულ ოცნებას” არავის გადაბირება არ სჭირდება.

„ცხრა წლის განმავლობაში არაერთი ბრალდება ისმის ჩვენი მისამართით და არასდროს ეს ფაქტები არ დადასტურებულა, ამ შემთხვევაშიც არ არის გამონაკლისი, დაზუსტებით ვამბობ, რომ ეს არის ტყუილი და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს.

დავით რიჟვაძეს არანაირი პოზიცია არ აქვს პარტიაში და შესაბამისად, ეს არის დიდი ტყუილი და ვერ იქნება სიმართლე, რასაც გიორგი კირთაძე საუბრობს, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვჭირდება არავის გადმობირება, დაშანტაჟება, ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს პერიოდში.

ვითანამშრომლებთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პარტიასთან. ალბათ შეშინებული არიან მეორე ტურის შემდეგ და ვურჩევ, საკუთარი საქმეებით დაკავდნენ”,- აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამა ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლადარჩეული დეპუტატების მოსყიდვას ცდილობს.

„ამ ყველაფერში ჩართულია თორნიკე რიჟვაძის მამა. დავით რიჟვაძე ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. იგი საკრებულოს იმ წევრებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით გახდნენ საკრებულოს წევრები, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის მუქარას და მოსყიდვის მცდელობას. მინდა გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, შეეშვან ამ ყველაფერს, მათ აუცილებლად მოუწევთ სამართლებრივი პასუხისგება და ეს დრო არც ისე შორსაა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ მოისყიდიან”, – აცხადებს გიორგი კირთაძე.