ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამა ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეული დეპუტატების მოსყიდვას ცდილობს. „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა გადამწყვეტი იერიში მიიტანოს ბათუმის საკრებულოზე, ამომრჩევლის ნებაზე, „რომელმაც ცალსახად თქვა, რომ ბათუმის საკრებულო ოპოზიციური და მრავალპარტიული იყოს“.
„ახლა ცდილობენ ეს რეალობა შეცვალონ. ამ ყველაფერში ჩართულია თორნიკე რიჟვაძის მამა. დავით რიჟვაძე ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. იგი საკრებულოს იმ წევრებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიით გახდნენ საკრებულოს წევრები, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის მუქარას და მოსყიდვის მცდელობას. მინდა გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, შეეშვან ამ ყველაფერს, მათ აუცილებლად მოუწევთ სამართლებრივი პასუხისგება და ეს დრო არც ისე შორსაა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ მოისყიდიან”, – აცხადებს გიორგი კირთაძე.