უდუმაშვილი: ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის დაწყება ნამდვილად არ გამკვირვებია, ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ

308

ელენე ხოშტარია ყოველთვის იდგა ბრძოლის წინა ხაზზე ამ დღეების განმავლობაში და ნამდვილად არ გამკვირვებია მისი ეს ნაბიჯი – ჩვენი დეპუტაციიდან არავინ გამორიცხავს, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ მათ ვერ დაინახეს, რომ ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯების დგამს, ყველა მზად არის პროტესტის ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს, როგორიც შიმშილობაა.

“თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ ბრძოლაში თავდადება. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება და დრო, რომ ხელისუფლებას ვადები მივცეთ და ულტიმატუმები ვუყენოთ. ახლა არის ძალიან სწრაფი მოქმედების დრო. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და საუბარია კონკრეტულ დღეებზე და კონკრეტულ საათებზე. ამიტომ ჩვენი ყველას მოვალეობაა, რომ იზრუნველვყოთ მიხეილ სააკაშვილს მიეწოდოს სამედიცინო სერვისი და ძალიან სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება. არავინ გამორიცხავს ჩვენი დეპუტაციიდან, რომ პროტესტის იგივე ფორმას მივმართოთ, თუ ჩვენ ვერ დავინახეთ, რომ კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული, ყველა მზად არის ასეთ რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.