დილიდან იზა ჩირგაძის ნომერი გამორთულია და დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება — ISFED ქუთაისის კომისიის წევრზე

444

წინა სტატია

“სამართლიანი არჩევნები” გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ქუთაისის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის უფლებები დაიცვას, თუმცა მათი თქმით, ჩირგაძესთან დაკაშირებას დილიდან ვერ ახერხებენ.

როგორც ISFED აღნიშნავს, კომისიის წევრისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით გირჩი — მეტი თავისუფლების წევრმა, იმედა კლდიაშვილმა მიმართა, რის შემდეგაც ისინი ჩირგაძეს დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე შეთანხმდნენ. თუმცა ორგანიზაციის განცხადებით, მისი ტელეფონის ნომერი დილიდან გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“ISFED მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად”, — აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ, 1 ნოემბერს იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენელი მმართველი პარტიის სასარგებლოდ ხმების გაყალბებას აიძულებდა. მისი თქმით, ეს არ გაუკეთებია, რის შემდეგაც მასზე ზეწოლას ახდენდნენ, ის კი ენმ-ს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მან ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ისაუბრა. ამის შემდეგ, ქუთაისში, ოპოზიციის ვიცემერობის კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სუს-ის შესასვლელი პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომანქანით ჩაკეტა. იმედა კლდიაშვილი პოლიციამ ადგილზე, ძალის გამოყენებით დააკავა. მან საკუთარი დაკავების კადრები თავად გადაიღო.

“ერთი კაცი ვაკეთებ აქციას, ვპარკინგდები სუსის შენობის წინ,  დაუმორჩილებლობის აქციის პირობებში ვაპროტესტებ, რატომ გააჩერეს ის ქალბატონი და არ შეახვედრეს ევროკავშირის წარმომადგენლებს. მოაყოლონ იმ ქალბატონს ყველაფერი, რაც ჩაიდინა სუსმა”,- განაცხადა დაკავების წინ იმედა კლდიაშვილმა.