ცვლილებები ჩოხატაურის მერიაში

597

მას შემდეგ, რაც ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ დავით შარაშიძეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი გადასცა, რომლითაც მისი მერად არჩევა დასტურდება, ახლადარჩეული მერი შეუდგა კიდეც უფლებამოსილების გახორციელებას. ერთ-ერთი პირველი, რაც ახლადარჩეულმა მერმა გააკეთა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საკადრო ცვლილებებია. ამ მხრივ, ძირითადი აქცენტი სამსახურის უფროსებსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებზე კეთდება. ამის შესახებ გურია ნიუსი წერს.

შარაშიძის უფლებამოსილების ცნობამდე კარგა ხნით ადრე, თანამდებობა დატოვა მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ლომთათიძემ, ფაქტი რატომღაც არ გახმაურდა. ამას ჩვენი წყარო პროკურატურის მიერ ბახმაროში უკანონო მშენებლობების არნახული ზრდით დაინტერესებით და დოკუმენტაციის ამოღებით ხსნის. რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სინამდვილეს “გურია ნიუსი“ საქართველოს პროკურატურაში გადაამოწმებს და ოფიციალურ პასუხს აუცილებლად გააცნობს მკითხველს.

ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, შეიცვალა ბახმაროში მერის წარმომადგენელი დავით ჟღენტი, რომელმაც მუშაობის გაგრძელების შეთავაზების მიუხედავად, თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა. იგი ქვენობნის მერის წარმომადგენლის სპეციალისტმა, რომან კალანდაძემ ჩაანაცვლა. კალანდაძემ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გაავრცელა. კალანდაძემ მადლობა გადაუხადა ახლად არჩეულ მერს ნდობისთვის და წარმატებები უსურვა: “დიდი მადლობა დავით შარაშიძეს გამოცხადებული ნდობისთვის დაბა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად დანიᲨვნისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ქვენობანი-ბუკნარი ბასილეთის მაცხოვრებლებს ამ 8 წლის განმავლობაᲨი გვერდით დგომისთვის და დაფასებისთვის. სადაც არ უნდა ვიყო, თქვენ გვერდით მიგულეთ. ასევე, წარმატებას ვუსურვებ მომავალ მერის წარმომადგენელს პაატა ᲩხაიᲫეს. წარმატებები, პაატა“, _ წერს რომან კალანდაძე.

შეიცვალა მერის ერთ-ერთი მოადგილეც _ შარაშიძის პირველი მოადგილე მაია კუტუბიძე იქნება, რომელიც წლების განმავლობაში “პატრიოტთა ალიანსის” ადგილობრივ ორგანიზაციას, უფრო ადრე კი გურიის საგადასახადო სამსახურს ხელმძღვანელობდა. კუტუბიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე გაემიჯნა თანაპარტიელებს და მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ ის მერის პირველი მოადგილე იქნებოდა. თანამდებობა შეინარჩუნა მერის მოადგილემ მინდია ჟღერიამ.

ასევე, ჩვენი ინფორმაციით, შეიცვალა რამდენიმე სოფელში მერის წარმომადგენელი. საკადრო ცვლილების პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტრუქტურული ცვლილებებიც იგეგმება ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში.

ჩვენ ვცადეთ, ოფიციალურად გადაგვემოწმებინა წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციები, თუმცა, როგორც ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, საკადრო ცვლილებები ჩოხატაურის მასშტაბით, ჯერ არ დასრულებულა, მიმდინარე პროცესშია და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.