„ქართული ოცნების“ მონოპოლია აუცილებლად დაიშლება, წალენჯიხას წააგებენ თუ სხვას, ეს არის პირველი მერცხალი, რომელიც გაზაფხულს ვერ, მაგრამ სხვა მერცხლებს მოიყვანს, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.
დოლიძის განმარტებით, ახლად არჩეული მერების იმპიჩმენტის საკითხი იქნება ერთ-ერთი მეთოდი ოპოზიციისთვის, რომ ბრძოლა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდეს.
მისივე თქმით, ოპოზიციის პროტესტი შედეგს აუცილებლად გამოიღებს და „ქართული ოცნება“ ვალდებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები.
,,მიტინგების შემდეგ ოპოზიციას გეგმა სჭირდება, უნდა გადავიდეთ საკრებულოებისთვის ბრძოლაზე და ამ ექვსმა მერმა უნდა იცოდეს, რომ ხვალ კაბინეტში ვერ შევლენ და ბიუჯეტს ვერ გადაანაწილებენ. აუცილებლად დაიწყება „ქართული ოცნების“ დაშლის პერიოდი, დროა საკრებულოს წევრებმა იპოვონ ახალი პროფესია და დაანებონ იმ გემს თავი, რომელზეც სხედან, იმპიჩმენტის საკითხი იქნება ერთ-ერთი მეთოდი, რომ ბრძოლა სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდეს. ოპოზიციის პროტესტი რაღაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს, ყველა პროტესტმა მანამდე რაღაც შედეგი გამოიღო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, „ქართულ ოცნებას“ მოუწევს ძალაუფლების დათმობა, ეს არის გარდაუვალი. ვფიქრობ, თუ ყველაფერი გავაკეთეთ „ქართული ოცნება“ ვალდებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
მან ასევე უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას სხვა პარტიებთან კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. ანა დოლიძის განცხადებით, თუ მსგავსი მოცემულობა იქნება კოალიციას განიხილავენ, მაგრამ არა „ქართულ ოცნებასთან“.
,,კოალიციები დგება არჩევნების შემდეგ, ის რაც ახლა მოხდა ეს არ არის კოალიცია, ეს არის გუნდის შეკვრა. არჩევნების შემდეგ, თუ იქნება შესაბამისი მოცემულობა, რომელიც დაემთხვევა ჩვენი პარტიის დღისწესრიგს რა თქმა უნდა, კოალიციის ფარგლებში ვიქნებით, რა თქმა უნდა, არა „ქართულ ოცნებასთან“. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ოცნების“ მმართველობა მალე დასრულდეს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.