ბორჯომის მერობის კანდიდატმა „ევრპული საქართველოდან“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

757

დღეს, 11 ოქტომბერს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის საარჩევნო მედიაცენტრში „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო პროგრამის შესახებ ისაუბრა;

საარჩევნო ბლოკ „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ბაქარ შირაძემ მედიაცენტრში გამართულ შეხვედრაზე დროის დიდი ნაწილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბარს დაუთმო.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ბევრ სოფელში არ არის სასმელი და სარწყავი წყალი, ასევე ტურიზმის განვითარების მიზნით, არ არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა ისეთ სოფლებში, რომლებსაც ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნიათ. გარდა ამისა, ბორჯომში აღარ ხდება ინვესტიციების მოზიდვა, მცირე ბიზნესს არ ეწყობა ხელი და ბიუჯეტის დიდი ნაწილი გამგეობის თანამშრომლების პრემია–დანამატებში მიდის.

„ასევე, ბორჯომში არ არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც მაგალითად დამსვენებელი ივარჯიშებს. იყო შემთხვევები, რომ ახალგაზრდები ჩამოვიდნენ ბორჯომში დასასვენებლად, მაგრამ ვერ ივარჯიშეს და ამიტომ მალევე წავიდნენ“, – ამბობს შირაძე.

იმ შემთხვევაში თუ შირაძე გახდება მერი, აცხადებს, რომ სპორტულ ინფრასტრუტურას მოაწყობს, ასევე ინფრასტრუქტურას მოაწყობს ისეთ სოფლებში, სადაც დამსვენებლი ჩადის. მისივე თქმით, სწორედ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მოიზიდავს ინვესტორსაც.

„ჩვენი პარტიის პრიორიტეტი სოცილაური სფეროა. ბორჯომში ბიუჯეტი იძლევა იმის საშუალებას, რომ მუნიციპალიტეტში პენსია 45 ლარით გაიზარდოს. ახლა ეს თანხა დანამატებში იწერება“, – აცხადებს შირაძე.

მან შეხვედრის დასრულებამდე წინასარჩევნო გარემოზეც გაამახვილა ყურადღება: „დაგვყვებიან და გვითვალთვალებენ სუს–ის თანამშრომლები, ფოტოებს გვიღებენ, მაგრამ ეს ვერ შემაშინებს და ხელს ვერ შემიშლის“.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS-ის საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე