ვინ გახდება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე – გახარიას პარტია “ოცნებას” და ენმ-ს შეთანხმებას “აიძულებს”

487

ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას ექნება. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოში სამი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და „გახარია-საქართველოსთვის“ შედის. აქედან, მყარი უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ამიტომ მათ რიგ საკითხებზე თანამშრომლობა მოუწევთ. მაგალითად, თავმჯდომარის არჩევას, დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა სჭირდება, რაც 45-წევრიან  ზუგდიდის საკრებულოში, 23  ხმას ნიშნავს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.

ენმ-ს წარმომადგენლობით ორგანოში 22 წევრი ეყოლება, „ქართულმა ოცნებამ“ 20 დეპუტატის შეყვანა მოახერხა, ხოლო პარტია “საქართველოსთვის“ მხოლოდ 3 წევრით იქნება წარმოდგენილი, თუმცა ყოფილი პრემიერმინისტრის თანაგუნდელების  ხმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება

„საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა და ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა დეპუტატმა,  გიგა ფარულავამ რადიო „ათინათთან“ საუბარში თქვა, რომ ალიანსში არც ერთ პარტიასთან შესვლას არ აპირებენ და სხდომებზე, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებებს მხოლოდ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში კი მონაწილეობის მიღებას საერთოდ არ გეგმავენ და ამბობენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ თანამშრომლობა მოუწევთ.

“ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას. ეს არის ცალსახა გადაწყვეტილება, რომელიც არ იცვლება. რაც შეეხება უშუალოდ თავმჯდომარის საკითხს, პირველი ტურის დასრულებისთანავე პარტიის თავმჯდომარემ მიმართა ორივე პარტიას, რომელიც დღესდღეობით და უკვე საკმაო ხანია ერთმანეთს “ავსებენ“,  შეთანხმდნენ კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ არ აქვთ არც ერთს მყარი უმრავლესობა, ცალმხრივად ისინი ვერ აირჩევენ თავმჯდომარეს, შეთანხმდნენ კონკრეტულ კანდიდატზე. თუ ისინი შეთანხმებას მიაღწევენ, ჩვენ ბუნებრივია არ ვიქნებით შემაფერხებელი ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტისთვის და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. მხარს დავუჭერთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეთანხმდებიან. ის რომ ჩვენ რომელიმე პარტიას ცალსახად დავუჭერთ მხარს და შევაქმნევინებთ მყარ უმრავლესობას – ეს არის გამორიცხული“, – აცხადებს ფარულავა.

რომელიმე სხვა პარტიასთან კოალიციაში შესვლას გამორიცხავს „საქართველოსთვის“ კიდევ ორი წევრი მალხაზ თორია და ბელა მოსია. ახლადარჩეული დეპუტატები ამბობენ, რომ ისინი თავმჯდომარის არჩევისას ცალსახად მხარს არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერენ. სხვა საკითხებთან დაკავშირებით კი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

სტატია სრულად იხილეთ ბმულზე.