ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას – „სახალხო იმპიჩმენტს“ სთავაზობს

683

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ოპოზიციურ პარტიებს სამოქმედო გეგმას „სახალხო იმპიჩმენტს“ სთავაზობს, რის საშუალებითაც, თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით ოპიზიციას შეუძლია მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვას იმ რაიონებში, სადაც მას საკრებულოს უმრავლესობა აქვს მოპოვებული.

როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა. მის თქმით, „ქართული ოცნება“ აგრძელებს მოსახლეობის პრობლემებით სარგებლობას იმისთვის, რომ არჩევნებზე მისთვის სასურველი შედეგები დადოს.

„ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი იყო არჩევნების შედეგები რეგიონებში, კონკრეტულად, ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში. ჩანს, რომ სწორედ იმ გაყალბების ფონზე, რომელიც ადგილებზე ჩაატარა „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ადმინისტრაციამ, ეს ქალაქები მოგებული აქვს ოპოზიციის კანდიდატებს. ამასთან, მიმართებაში ჩვენ, ოპოზიციას დღეს ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით შესაძლებელია იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოს უმრავლესობა აქვს და ეს რაიონებია – ბათუმი, რუსთავი,ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, საკრებულოს ოპოზიციურ უმრაველესობას საშუალება აქვს დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით. ასევე, თუ საკრებულო არ გააკეთეს ამას, მოსახლეობის 20%-ს აქვს საშუალება დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი. საბოლოო ჯამში იმპიჩმენტის პროცესები, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება, საკრებულოს გადაწყვეტილება ხელისუფლებას და ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას მისცემს სიგნალს, რომ მსგავსი ქცევა, არჩევნების ღიად მოპარვა მიუღებელია და რომ ქვეყნის მოსახელობის ნახევარზე მეტი არის ოპოზიციურად განწყობილი და რომ ვითარება მომწიფებულია ვადამდელი არჩევნებისთვის. ანუ სახალხო იმპიჩმენტები იმ ქალაქებში, სადაც ვნახეთ, რომ მოსახლეობის ოპოზიციური განწყობა არის დომინანტური, საშუალებაა იმისა, რომ ხელისუფლებას გავაგებინოთ, დროა გადაანაწილოს ხელისუფლება და ამისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გზაა, რომელსაც მე ვთავაზობ ოპოზიციას და რომლის განხორციელებაში მხარში დავუდგები ამ მუნიციპალიტეტებში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.