წალენჯიხაში ლოტოტრონის წესით შერჩეული 7 უბნის გადათვლას 1 საათში დაიწყებენ. ერთ-ერთი უბნის მონაცემების შეცვლამ კი, შესაძლოა, წალენჯიხაში პოლიტიკური სურათი შეცვალოს – საკრებულოში ოპოზიციას ხმები დააკლდეს და ხელისუფლებას მოემატოს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
საუბარია ჯგალი-მედანის საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის განცხადებით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა. ამ უბანზე ხელისუფლების კანდიდატს ოპოზიციის კანდიდატი ხმების მცირე რაოდენობით უგებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თავდაპირველად 5 უბნის გადათვლაზე იყო საუბარი, შემდეგ დაამატეს 2 უბანი, რაც მათ უჩენს ეჭვებს, ბათილად ცნობილი ბიულეტენებიდან ხმებს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ “გააცოცხლებენ”
“ამ 7-დან ორი არავითარ არითმეტიკულ ლოგიკაში და არც ალბათობის თეორიაში არ ჯდება. გვერდიგვერდ უბნები დაემთხვა იქ, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ ხმათა მცირე რაოდენობით. გვაქვს გამოცდილება ზუგდიდისა და წალენჯიხის მაგალითზე – ჩანაცვლებული, შესწორებული ბიულეტენები. გვაქვს მყარი, ლოგიკური ეჭვი, რომ საკრებულოშიც ამას აპირებენ, რათა საკრებულოში დაგვაკარგინონ უმრავლესობა”,- ამბობს გიორგი ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის არჩეული მერი.
შეგახსენებთ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთია, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა. ამ დროისთვის ოპოზიციას ეკუთვნის უმრავლესობაც საკრებულოშიც.