ოპოზიციის ამ განცხადების საპასუხოდ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ უბნების ხელახლა გადათვლის შემთხვევაშიც, იგივე შედეგის მიღებაშია დარწმუნებული:
“რა თქმა უნდა ეს მათი უფლებაა გაასაჩივრონ სასამართლოში, გადათვალონ უბნები. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადათვლის შედეგიც იქნება იდენტური არსებული შედეგების, რადგან ყველაფერი განხორციელდა კანონიერად და კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. რაც შეეხება ძველ ბიჭებს, არ ვიცი ამ კატეგორიაში ვის გულისხმობდნენ. მათ საარჩევნო უბნებზე ხვდებოდათ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, მე, ჩვენი საკრებულოს დეპუტატები. ასე რომ ყველაფერმა ჩაიარა მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში მიუხედავად მისა, რომ მათ ჰქონდათ უამრავი მცდელობა პროვოკაციების მოწყობისა და დესტრუქციის”, – განაცხადა წოწერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან ასევე ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და ყველა დაპირების შესრულებას შეჰპირდა:
“მე მათ ვპირდები, რომ ვიქნები მერი, თითოეული მათგანის მეგობარი, თითოეული მათგანის მსახური მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა და გემოვნებისა…რა თქმა უნდა ჩვენ ვიწყებთ იმ ჩვენი პრიორიტეტების განხორციელებას, რომელიც განვსაზღვრეთ მოსახლეობასთან ერთად. ეს არის ქალაქის და მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარების გაგრძელება და ტემპების გაზრდა”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ზუგდიდში დათვლილია ყველა, 109-ვე საარჩევნო უბანი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატ მამუკა წოწერიას მხარი, ამომრჩეველთა 51,631%-მა დაუჭირა. ენმ-ის კანდიდატ ანზორ მელიას 48,369%-მა.
მეორე ტური სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტში გაიმართა. წალენჯია ერთადერთია, სადაც ენმ-ის კანდიდატი იმარჯვებს.